Tags

, , , , , , , , ,

გმირობა არ ნიშნავს იარაღს ხელში…

სალომე მოდებაძე

NaNa Chkareuli Tavis Kafeshi (1)

37 წლის ნანა ჩქარეული დედასთან ერთად წეროვანის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს, მუშაობს და მეზობლად მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს ეხმარება ცხოვრების ახალ პირობებთან ადაპტიბებაში, საკუთარი შესაძლებლობების გამოყენებასა და უნარ–ჩვევების განვითარებაში. ნანას ორგანიზაციასაც სწორედ „უკეთესი მომავლისთვის“ ქვია.

წეროვანი ერთ–ერთია იმ რამდენიმე ათეულ კომპაკტურ ჩასახლებას შორის, სადაც 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაზარალებული მოსახლეობა ცხოვრობს.

ომამდე ნანა ახალგორში ცხოვრობდა. მისი ოჯახი ტყვიებს კი გადაურჩა, მაგრამ ოკუპაცია, შიში და დევნა მათაც გამოიარეს.

„მე სულ ვამბობ, რომ ქართულ და ოსურ ეთნოსებს შორის კონფლიქტი ჩვენთან არ ყოფილა […] ყოველთვის ძალიან ეხმარებოდნენ ხოლმე ქართველები და ოსები ერთმანეთს“.

ნანას თქმით, ამ ცვლილების გადატანა და ცხოვრების ცარიელი ფურცლიდან დაწყება რთული იყო. ეს იყო ეტაპი, როცა საკუთარ თავში უნდა გარკვეულიყო და განესაზღვრა რა შეუძლია, საითაა მისი მომავალი.

„თუმცა, ეს ყველაფერი რაღაცნაირად, დალაგდა, მაგრამ თვითონ ახალ საცხოვრებელთან შეგუებაც ჩემთვის ძალიან ძნელი იყო […]ჩემთან გვიან მოვიდა იმის განცდა, რომ ეს ჩემი (ახალი სახლი) იყო.“

წეროვანში ხალხს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს მიწადმოქმედების მიმართ, თუმცა, ნანას მსგავსად, მათ საკუთრებაში 60 კვადრატული სახლი და 340 კვადრატული მეტრი ეზოა.

ჩასახლებაში ვერ ნახავთ ეზოს, რომელიც არაა დამუშავებული და სადაც არ მოყავთ მოსავალი.

„ცხოვრება გრძელდება და იმისთვის, რომ პოზიტიურად უყურო მომავალს, მნიშვნელოვანია, წინსვლისთვის რაღაცას აკეთებდე“.

მურაბებს და კომპოტებს ნანა თავისი ეზოს ხილიდან აკეთებს და ზამთრისთვის ბოსტნეულსაც ინახავს.

თავისი გამოგონილი შინდისა და შავი ქლიავის ჩირის კომპოტის რეცეპტით ნანა ძალიან ამაყობს და მეც გამიზიარა:

ნახევარ კილოზე 5 ლიტრი წყალი. გემოვნებით შაქარი. რომ წამოდუღდება უნდა გადავწუროთ და გავაციოთ. გაციებუზე დავამატოთ რამდნეიმე ნაჭერი მრგვლად დაჭრილი ლიმონი და პიტნის რამდენიმე ფოთოლი არომატისთვის. ყინულის ნატეხები კი კომპოტს მეტ სიგრილეს შესძენს – როგორც ნანა ამბობს, კომპოტმა მის კაფეში ბევრის მოწონება დაიმსახურა, ტან ძალიან ჯანსაღი პროდუქტია და ძალიან არომატული.

„ჰელოუ კაფე“ ნანამ წელს მაისში გახსნა და რამდენიმე ადგილობრივ გოგონასთან ერთად ცდილობს წეროვანის ქალებისა და ახალგაზრდებისთვის „ჯანსაღი გარემო, კულტურული თავშეყრის ადგილი“. კაფეში დევნილი ქალების მიერ წარმოებული პროდუქციას იყენებენ, ამას გარდა, იქ არსებული საგამოფენო სივრცე დევნილების შემოქმედებით განვითარებას უწყობს ხელს. ახალგაზრდებს კი კაფეში სტაჟირების გავლის საშუალებაც აქვთ.

კვება ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. სწორად კვება კი – ჯანმრთელობის წინაპირობაა. ნანას თქმით ჯანსაღი კვება არაგენმოდიფიცირებულ საკვებთან და სპორტული ცხოვრების წესთან ერთად ჯანმრთელობის შენარჩუნების წინაპირობაა.

ნანას კაფეში მენიუ მომხმარებელზეა მორგებული და მუდმივად იცვლება. თუმცა, არ იცვლება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების რიცხვი.

ახლა სათბურის გახსნა და იქ განსაკუთრებული საჭიროების ქალების დასაქმებაც უნდა.

უფრო მეტიც, ნანას სურვილია, ველოსიპედით მზა საკვების ადგილზე მიტანის სერვისიც დანერგოს და წეროვანის გარდა მცხეთასაც შესთავაზოს რძის პროდუქტების, ხილისა და ბოსტნეულისაგან დამზადებული კერძები.

ჩემი აზრით, ნანა ჩქარეული სწორედ ის ქალია, ვინც არა მხოლოდ ჯანსაღი კვების პოპულარიაზაციას ეწევა, არამედ, ადამიანებს აძლევს შანსს, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაიწყონ ისე, რომ არ შეეშინდეთ ხვალინდელი დღის.

მე მჯერა, რომ ნანას შეუძლია შეცვალოს მომავალი უკეთესობისკენ!

მე მჯერა, რომ ის გმირია.

Advertisements